გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას ლიდერებმა სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაჯამეს.
როგორც 3 პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ევროპელი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ ქართველ ხალხსა და მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვთ. ჯაფარიძის თქმით, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება, ქართულ ოცნებაზე ზეწოლა და წნეხი, მათ შორის კი ქუჩის პროტესტი.
"საუბარი იყო გამოსავალზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ერთადერთი ამ წუთისთვის იმედის მომცემი ამბავი არის ის, რაც მოხდა თბილისში, 8-9-10 მარტს, როდესაც ხალხმა გამოხატა პროტესტი და ამით მიაღწია იმას, რომ ოცნებამ დაუხია უკან. აქ ხედავენ იმედს, მათ შორის გამიჯვნა, რომ ქართველი ხალხის სურვილი, რომ ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მათ შორის ევროკავშირისა და NATO-სი, მათთვის არის ძალიან ცხადი და ასევე, ცხადი გახდა მათთვის, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს ამისგან განსხვავებული პოზიცია, ეს არის, რაც იქ ვნახეთ და ამიტომ, რაც ჩემი აზრით, ახლა არის მნიშვნელოვანი იგივე ფორმულით, რა ფორმითაც მოხდა მოვლენების განვითარება მარტის დასაწყისში, ეს არის ქვეყნის შიგნით სრული კონსოლიდაცია როგორც პოლიტიკური ძალების, ისე არასამთავრობო სექტორის, ყველასი, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი და ცხადი გზავნილები. ამ ფორმულით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ამ ფორმულით უნდა დავათმობინოთ ყველაფერი, რისი დათმობაც შესაძლებელია და საბოლოო ჯამში, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ შეიძლება ზეწოლით და წნეხით, მათ შორის ქუჩიდან, დავათმობინოთ რიგი რეფორმები, მაგრამ ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირება და ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად", - თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იმისათვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს 3 კომპნონენტია შესასრულებელი. მათ შორის, 12 პუნქტის შესრულება, საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმების შეწყვეტა და უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება.
"იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, 3 კომპონენტია მნიშვნელოვანი:
- 12 პუნქტის და რეფორმების შესრულება, არც ერთ შემთხვევაში დეოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების კანონი, რომელსაც ახლა კვლავ ტყუილით ეუბნებიან საზოგადოებას, თითქოს ვინმეს მოეწონა, არ იქნება ჩათვლილი რეფორმის შესრულებად, ეს წერია პირდაპირ ვენეციის კომისიის დასკვნაში და ეს არის ცალსახა პოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების
- დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე. ყველა, ვინც იყო საქართველოს ელჩი იმაში, რომ გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, ფაქტობრივად გადაიმტერა ქართულმა ოცნებამ. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი, რომლებიც ძირითადი ჩვენი ელჩები იყვნენ ყველა დისკუსიაში
- უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, ეს არის აუცილებელი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ მკაფიო მიზნის გარშემო ჩამოყალიბებული ერთიანობა და კონსოლიდაცია, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ ბოლო პერიოდში, არის გზა იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა და აუცილებელი შემადგენელი არის, როდესაც ვხედავთ ოცნების განცხადებებს - პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ამის გარეშე არ გამოვა. ყველა ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ გადამწყვეტია ჩვენი შეკრება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ერთად უნდა დავდგეთ. ყველა უნდა გავერთიანდეთ საქართველოს ისტორიული შესაძლებლობისთვის", - თქვა ვაშაძემ.
დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს გადასცეს ყველა ის ფაქტი, ვის მიმართაც ოცნებამ დაიწყო შანტაჟის კამპანია. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან ადამიანის უფლებების დაცვას.
"მოცემულობა გვაქვს ასეთი, ოცნება კლავს ჩვენ ისტორიულ შანსს, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ყველა, ვინც გულშემატკივრობს ამ ქვეყანას, ეს შანსი უნდა მოვიპოვოთ ერთიანი ბრძოლით. მარტის დღეებმა ეს შანსი გააჩინა, ოღონდ ეს ბრძოლა არ დასრულებულა, პირიქით, ახლა დაიწყო, ამიტომ ერთიანობით, კონსოლიდაციით, პროტესტით, მოგვიწევს დავათმობინოთ და შევცვალოთ. ყველა ადამიანმა, ვის მიმართაც ოცნებამ დაიწყო გაშავების, ზეწოლის, შანტაჟის კამპანია, მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ფაქტი გადაცემულია ჩვენი პარტნიორების მიმართ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ადამიანის უფლებების დაცვას და არ აპირებენ, ამაზე თვალი დახუჭონ და ოცნებაზე ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი, რასაც ვხედავთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალ-ცალკე მოერევიან ამ ხალხს, ცდებიან", - თქვა ხოშტარიამ.
გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრები გამართეს.
3 პარტიის ლიდერები სტრასბურგში 14 მარტს გაემგზავრნენ. იქ იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.